„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - 18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - 18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა

18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილთან დაკავშირებით გავრცელდა.

„არსებობს ერთადერთი პრინციპი – ქვეყანას მართავს „დიფ სთეითის“ აგენტურა ან ის ხდება გამუდმებული თავდასხმის ობიექტი ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და სერბეთს, სწორედ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა. „ბრექსიტის“ საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიფ სთეითის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება. უნდა გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ლიზ ტრასის სიტყვები, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთს სწორედ „დიფ სთეითი“ მართავს. იმედი გვაქვს, დონალდ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და „დიფ სთეითის“ დამარცხებას, რაც ევროპულ ქვეყნებსაც დაუბრუნებს სუვერენიტეტს. ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ სიმძიმის ცენტრმა აშშ-დან ევროპაში გადმოინაცვლა. თუ „დიფ სთეითი“ არ დამარცხდა და მან მხოლოდ რებრენდინგი განიცადა, სამწუხაროდ, გაგრძელდება როგორც ევროპის დასუსტება, ისე თავდასხმები ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.