„ქართული ოცნების“ ოფისთან „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია იმართება. ოფისის მიმდებარედ, მშვიდობის ხიდსა და საპატრიარქოს შენობას შორის გზა გადაკეტეს „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის, „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლის მიერ „კონსერვატიული მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმებას აპროტესტებენ, რის გამოც პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იუსტიციის სახლის გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გახდა. კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოტივით გაუუქმა მათ პარტია, რადგან მათი ხმების წართმევა სურთ, თუმცა ამას არ დაუშვებენ. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თუკი პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება, ისინი მასობრივ პიკეტირებას დაიწყებენ.