„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო/ვიდეო]

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან წითელი საღებავით წარწერების გაკეთება და ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დაპირისპირებისას რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა.

„სალაპარაკო ნაკლებია, მოვედით მე და ელენე ხოშტარია, ვაპირებთ შესვლას. ეს არ არის ხელისუფლება, მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მთლიანად მთავრობა გადადგეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი, ასევე ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა პოლიტიკოსები, აგრეთვე ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი