„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დასრულდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დასრულდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ტერიტორიას უკვე ტოვებენ სამართალდამცველებიც.

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციას არავინ დაუკავებია.

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათთვის დღევანდელი აქცია შედგა. მათ აგრესიას უპასუხეს მშვიდობიანი აქციით.

ელენე ხოშტარიას თქმით, ისინი გააგრძელებენ მწვავე, მაგრამ მშვიდობიან აქციებს.

„როგორც თავიდანვე ვთქვით, დაპირისპირებაში არ ჩავერთვებით. მუშტებს ვუპასუხეთ ჰიმნით, მშვიდობიანი, პრინციპული აქციით და არც დავიშალეთ. ამ გზით ივანიშვილი ვერ ჩაახშობს პროტესტს. ამ გზით ემხობიან ხელისუფლებები. ჩვენი გეგმები არ იცვლება. ვერ გააჩერებს პროტესტს. ჩვენი პროტესტი შედგა. ჩვენ ვერ დაგვშალეს მუშტებით. ასევე გაგრძელდება მშვიდობიანი მწვავე აქციები“, – დასძინა ელენე ხოშტარიამ.

მმართველი პარტიის ოფისთან ერთმანეთს პერიოდულად უპირისპირდებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რაც შეეხება დაშავებულებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში სულ ხუთი ადამიანი გადაიყვანა. მათგან ორი ინგოროყვას კლინიკაში, ხოლო სამი „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. მათივე თქმით, დაშავებულებს აღენიშნებათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები და ჯერ არ იკვეთება რაიმე სახის გართულებები. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.