„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობს. უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა,  შეხვედრაზე მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.

„მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, ვინ  დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატურად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე განიხილება.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარედგინება, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.