„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.
სამშაბათს, 17 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზეც იმსჯელა.
„სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში განვითარებულ პროცესებს.
უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კანონპროექტებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რიგი საკანონმდებლო ცვლილებები.
მათ შორის, მმართველმა გუნდმა ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა გაუქმდა და შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით ჩანაცვლდება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სხდომაზე ისაუბრეს განათლების რეფორმის შესახებაც, რომლის თანახმადაც, გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს სკოლაში წავლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.