„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება
„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

„განსახილველი საკითხები ბევრია დაგროვილი. ძირითადი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის, განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს, თავმჯდომარესაც. უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი დამოკიდებულება. აკაკი ზოიძემ წამოჭრა რეფერენდუმის საკითხი. სწორედ ამ საკითხებზე შედგება დღეს შეხვედრა“,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივა. ზოიძე ​2020 წელს პროპორციულ სისტემაზე რეფერენდუმს ან პლებისციტს ითხოვს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, აკაკი ზოიძის ინიციატივა. ჩემს ინიციატივას რაც შეეხება, ჩვენი პრინციპული საკითხია, რომ მაჟორიტარული სისტემა იქნას ქვეყანაში 2020 წლისთვის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ, საინიციატივო ჯგუფი არის ჩამოყალიბებული, თუმცა უნდა მოხდეს ბიუროზე მისი დარეგისტრირება და შემდეგ პროცედურულად მივალთ იქამდე, რომ გავალთ ხალხში საჭირო ხმების მოსაგროვებლად.

პროპორციული თუ მაჟორიტარული, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ შევხვდით და შედეგი ვერ დადგა, მაგრამ არის ამის გარდა კიდევ სხვა საკითხები.მიუხედავად ჩემი და აკაკი ზოიძის პოზიციების განსხვავებისა, რომ ის მხარს უჭერს პროპორციულს და მე მაჟორიტარულს, ამ ორ განსხვავებულ პოზიციას აქვს ერთი საერთო, რომ მანაც შემოგვთავაზა ის, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ – ვკითხოთ ხალხს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.