„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ამომრჩევლებს განმუხურში შეხვდა
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ამომრჩევლებს განმუხურში შეხვდა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზე ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც შენგელიამ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განმუხურში განაცხადა, მოხდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის, ველობილიკების, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია, დაირგვება მრავალწლოვანი მცენარეები და აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული განმუხურის ამფითეატრი.

„38 წელია ზუგდიდში ვცხოვრობ. აქ ვზრდი ჩემს სამ შვილს და ისე უნდა ვიცხოვრო, რომ არ შემრცხვეს თქვენთვის თვალებში შეხედვის. მე თქვენთან სუფთა ხელებით მოვდივარ და თქვენი დახმარებით შევძლებ დასახული მიზნების მიღწევას“,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შენგელია ასევე შეეხო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებსაც.

„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ზუგდიდში „ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ზუგდიდში აშენდება ოლიმპიური აუზიც“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

განმუხურში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მერობის კანდიდატის მხარდამჭერი ირაკლი ჩიქოვანი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია ესწრებოდნენ.