„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობა დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მუზეუმი და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მუზეუმის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 5,5 მლნ ლარია. ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია კი დღემდე ავარიულ შენობაშია განთავსებული.