„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერეს, რომელსაც სრული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები თეატრში ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. როგორც თეატრის დირექტორმა, მამუკა ბარქაიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი 2016-დან 2020 წლამდე მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და თეატრის ყველა სართულის კედლის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. სრულად განახლდა შენობის გარე ფასადი და მოხდა შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა დიდი დარბაზის და შესასვლელი ფოიეების კედლის უნიკალური მხატვრობა, განახლდა თეატრის მოზაიკური იატაკი, აივნები, მოაჯირები. სრულად განახლდა სასცენო ინვენტარი, ტექნიკური მოწყობილობები, გახმოვანების და განათების აპარატურა და სხვ.

პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

„აღსანიშნავია, რომ 2002-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით აფინანსებს თეატრების აღდგენასა და რესტავრაციას. ბოლო წლების განმავლობაში მის ფონდს 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამებზე, ჯამში, ფონდს 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.