„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

ქვემო ქართლში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან, პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის” ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.