„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, პარტიები, რომელთა საარჩევნო სიაში ყოველი მესამე ქალი იქნება, 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას მიიღებენ
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, პარტიები, რომელთა საარჩევნო სიაში ყოველი მესამე ქალი იქნება, 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას მიიღებენ

სექტემბრის ბოლოდან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ, რომელიც პოლიტიკურ პარტიას, თუ ის 2020 წლის არჩევნებში პარტიული სიის ყოველ სამეულში გაითვალისწინებს მინიმუმ ერთ ქალს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას, ვიდრე სტანდარტულ პირობებშია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველოში მინისტრთა კაბინეტის ნახევარი არიან ქალები.

„თქვენ გაქვთ ოჯახები, ზრდით შვილებს, უვლით იმ ფასეულობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის, თან სამსახურშიც დადიხართ და არჩევნებსაც თქვენ იგებთ, რადგან ქალები ყველა არჩევნებში არიან ჩვენი პოლიტიკური პარტიების ავანგარდში და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მომენტი. სად იკარგებიან შემდეგ ისინი, როდესაც თანამდებობები კომპლექტდება და მათ ვეღარ ვხედავ მაღალ პოზიციებზე.

გვეამაყება, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, მთავრობის შემადგენლობის ნახევარი არიან ქალები. პარლამენტში ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობენ ქალები და ჩვენი პირველი ვიცე-სპიკერი არის ქალი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკაში. როდესაც ქალებზე ვსაუბრობთ, მგონი, ბოლო არჩევნების შემდეგ თქვენ გამოგიჩნდათ ყველაზე ძლიერი ადვოკატი და მაგალითი, რომელიც ქალის პოლიტიკურ წარმატებაზე პირდაპირ მეტყველებს, ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს არის მისასალმებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.