„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბექა ვაჭარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იგი გეგმავს სამართლებრივი დავის გაგრძელებას იმ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.

ბექა ვაჭარაძე მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ითხოვს ფულად კომპენსაციას 55 555 ლარის ოდენობით, რომელსაც მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს.

ამასთან, ბრიფინგზე ვაჭარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა არაერთგზის შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ამ ქმედებებს ამომრჩეველი 30 ოქტომბერს პასუხს გასცემს.

„შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას. საქმე ეხება „მთავარ არხზე“ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ჩემი აგენტობის შესახებ. ვითხოვთ, იმავე გადაცემაში მოხდეს ამ ინფორმაციის უარყოფა და ასევე, მორალური ზიანისთვის ვითხოვთ 55 555 ლარის ანაზღაურებას, რომელიც გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს. ვიცით, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.

მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, გიგი უგულავა ძალიან ეცადა, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეს ცრუ ინფორმაცია, ისევე, როგორც არ გამოუვიდა სხვა ბრალდებები და არც გამოუვა. მას ბევრი მცდელობა ჰქონდა პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურშიც გრძელდება შეურაცხყოფები ჩემი გუნდისა და მხარდამჭერების მიმართ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და არავის მივცემთ უფლებას, რადგან როგორც ჩემთვის, ასევე ფოთელების უმრავლესობისთვის ღირსება ამ ქალაქისა და ქვეყნის სიყვარული ძალიან ფასეულია. არავის მივცემთ საშუალებას, სხვა ადამიანებსაც მსგავსი დეზინფორმაციით შეურაცხყოფა მიაყენონ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მეთოდებით მუშაობენ. თან შერიგებაზე საუბრობენ. ეს ისეთივე უტიფრობაა, როგორც მაგალითად, გიგი უგულავას განცხადებები, რომ პორტი ქალაქისკენ უნდა შემობრუნდეს.

პორტი, რომელიც ყველამ იცის, რომ 2006 წელს სწორედ მათი ხელისუფლების პერიოდში გასხვისდა, ჩაიკეტა „მორვაგზალი“ ფოთელებისთვის. ასევე, ის ქარხნები, რომლებითაც ხშირად სპეკულირებს გიგი უგულავა, 2006 წელს არის აშენებული და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოგვარდეს. წელს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით ბოლომდე მივიყვანთ ამ ქარხნების შესაბამის სტანდარტებთან გათანაბრებას. ისიც დიდი უტიფრობაა, თითქოს ახლა აღმოაჩინა გიგი უგულავამ ფოთი. კარგად გვახსოვს მისი გუბერნატორობის პერიოდი და ფოთელებს რითაც დაამახსოვრა თავი, ეს პერიოდი იყო მასშტაბური დაჭერები. მაგალითად, ხუთი ექიმი დაიჭირეს, რომლებიც საავადმყოფოს პრივატიზებას ეწინააღმდეგებოდნენ და ბევრი სხვა მძიმე ფაქტი ზის მის კისერზე, რომლებზეც საუბარი არ გვიღირს. ფოთელებს აინტერესებთ პრობლემების გადაჭრისა და ქალაქის განვითარების გზები. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აუცილებლად ვიზრუნებთ ამ ქალაქის განვითარებაზე და არავის მივცემთ უფლებას, ეს ქალაქი პოლიტიკური ვირეშმაკობებისთვის გამოიყენოს. აუცილებლად, 30 ოქტომბერს, სადაც გაუშვებენ ფოთელები გიგი უგულავას, იქ გავატანთ იმ ტალახს, რომელიც მან ამ ქალაქში ჩამოიტანა“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

დატოვე კომენტარი