„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის გიგანტ ტექნოლოგიურ ცენტრებში იმყოფებოდა
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება.
ვიზიტის ბოლო დღეს მმრთველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია HIKvision-ის ცენტრალური ოფისი და საგამოფენო სივრცე მოინახულეს.
აღნიშნული კომპანია აწარმოებს სამეთვალყურეო კამერებს, სითბურ და ინოვაციურ ვიდეო აპარატურას, გზების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და საჯარო სივრცეებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების სისტემებს, ხოლო წარმოებული ტექნიკა მსოფლიოს 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.
HIKvision -ის მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე პრაქტიკული პარნტნიორობის ფარგლებში.
კომპანია HIKvisio-ის მონახულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტ ტექნოლოგიურ ცენტრ Dafeng Industry-ის სათავო ოფისს ესტუმრა. აღნიშნული ტექნოლოგიური ქალაქი არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც აწარმოებს გახმოვანებისა და განათების კომბინირებულ სამუშაოებს, აწყობს გრანდიოზულ შოუ-პროგრამებს და ჩართულია ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურებაში, როგორებიცაა G20-ის სამიტი, ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიო და აზიური ჩემპიონატები, მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმები. Dafeng Industry-ის მენეჯმენტმა ასევე გამოხატა მზაობა, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ყოვლისმომცველად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან.
„ქართული ოცნების“ დელეგაციას პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე იმყოფებიან ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში – პაატა კალანდაძე.
