„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს. ისინი ოფისის ორ შესასვლელთან დგანან.

მოძრაობის წევრები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უმრავლესობის სხდომის დასრულებას დაელოდებიან, რომელიც პარტიის ოფისში მიმდინარეობს. „შეცვალეს“ წევრები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

„მოვედით იმიტომ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ და სირცხვილის კორიდორში გავატაროთ ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა ზის და ფიქრობს, როგორ შეიყვანოს შეცდომაში ქართული საზოგადოება. არანაირი გეგმა არ იცვლება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დროულად არ დანიშნავენ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს“, – განაცხადა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ნიკა ნოზაძემ.

სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 10:00 საათზე დაიწყო, სადაც უმრავლესობის წევრები პარლამენტში ვაკანტურ პოსტებზე დასანიშნ კანდიდატებზე საბოლოოდ უნდა შეჯერდნენ. სავარაუდოდ, მსჯელობა იქნება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მოსახლეობაში პლებისციტის ჩატარებისა და დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.