„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დღეს, 10:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ პოზიციებს შეაჯერებენ. საუბარია რეკომენდაციებზე, რომლებიც კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

როგორც მმართველმა გუნდმა დააანონსა, შენიშვნების ძირითად ნაწილს გაითვალისწინებს, თუმცა არის პუნქტები, რომლის ირგვლივაც გუნდში განსხვავებული პოზიციები აქვთ. მათ შორისაა კონკურსში მონაწილე არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებისა და კენჭისყრის ღია მეთოდით ჩატარების საკითხები.

ასევე, წინასწარი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პუნქტის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ექსპერტები მმართველ გუნდს ურჩევენ, მოსამართლეთა ერთი ნაწილი მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ასახვას ვერ ჰპოვებს.

„საკითხების ნაწილი, რომელზეც პოზიციები ჯერ არ არის შეჯერებული, განხილული იქნება დღეს უმრავლესობის სხდომაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საკითხია, სადაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ დავუბრუნდეთ განხილვას, დამატებით განვიხილოთ ის კრიტერიუმი, სადაც იურისტის მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდის ჩაბარების საკითხი წერია ერთდროულად. მათ გვთხოვეს კიდევ ერთხელ განვიხილოთ, არის თუ არა ორი კომპონენტის შეტანა ერთ კრიტერიუმში საჭირო და ამაზე ჩვენ პოზიციას დღეს უკვე უმრავლესობის სხდომის შემდეგ დავაფიქსირებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება და უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

დღესვე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კი დეპუტატები 19 აპრილს, სესიაზე უყრიან კენჭს.

დატოვე კომენტარი