„ქართული ოცნების“ აქტივისტი აცხადებს, რომ სოფელ ნახიდურში მას და მის მეგობრებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს
„ქართული ოცნების“ აქტივისტი აცხადებს, რომ სოფელ ნახიდურში მას და მის მეგობრებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს

„ქართული ოცნების“ აქტივისტი ხაიამ ისაევი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან.

მისივე განმარტებით, სიტყვიერ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

„მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი სოფელ მუხრანაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იუსუპოვი მოვიდა და გვემუქრებოდა, რომ ასე არ დამთავრდება, ბოლოს როცა ჩვენ მოვალთ, დაგიჭერთო. ჩვენს სახლშიც ყოფილა და უთქვამს, თქვენს შვილს უთხარით, რომ არ იმუშაოს „ოცნებაზეო“. დღეს რაც მოხდა, ჩვენს აქტივისტებთან ერთად ვიყავით სოფელ ნახიდურში, ვატარებდით კამპანიას და ასევე ვაკრავდით პლაკატებს. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ჩაიხანაში დავსხდეთ და დავისვენოთ. იქაც რომ შევედით, ვაგრძელებდით იმავე სამუშაო პროცესს, პლაკატებს ვაკრავდით, შემდეგ მაგათი მხრიდან მოვიდა რეპლიკები, შემდეგ სიძულვილის ენა და გინება იყო. ​ჩვენი ახალგაზრდების ემოციებზე ითამაშეს​​. შემდეგ ჩვენმა ახალგაზრდებმაც უპასუხეს. მერე დაარტყეს ჩვენს ახალგაზრდებს, მოხდა აჟიოტაჟი და ხელჩართული ჩხუბი. ჩხუბის პირველი ეტაპი დასრულდა, შემდეგ თავს დაგვესხნენ ხელახლა, ნახიდურში ჩვენი მინიშტაბი იყო ჩაიხანასთან ახლოს და 60-70 კაცი ჯოხებით, ქვებით დაგვესხნენ თავს. თავიდან ჩვენ ვიყავით ოთხი-ხუთი და ისინი იყვნენ 20-30 და შემდეგ ისინი გამრავლდნენ. მერე ჩვენი აქტივისტებიც მოვიდნენ და გავნეიტრალდით“, – განაცხადა ხაიამ ისაევმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება 27 სექტემბერს მოხდა.

დატოვე კომენტარი