„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგო
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, 30 წლის წინ მოპოვებულ თავისუფლებას განმტკიცება სჭირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ყოველ 9 აპრილს მოდიან მემორიალთან და წვლილი შეაქვთ ამ ადამიანების ხსოვნის დაფასებისთვის. ამ ადამიანებს მადლობას ვუხდით თავისუფლებისთვის. მოპოვებულ თავისუფლებას სჭირდება განმტკიცება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, რომ სახელმწიფოს ევროპული გზა კიდევ უფრო განამტკიცონ. ამ გზაზე ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევინარჩუნოთ მათ მიერ მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.