„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

მმართველი პარტიის ბათუმის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი მანველიძემ განაცხადა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მთიან აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მისი განცხადებით, აქტივისტები მიდიოდნენ პროვოკაციაზე, რის გამოც, კანდიდატმა შეხვედრა შეწყვიტა. მანველიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილეობდა ფირუზ წულუკიძე, რომელსაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში გამართული გახმაურებული აქციები უკავშირდება.

„გუშინ დიდაჭარაში, ხულოს რაიონში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვედრისას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოუწყვეს პროვოკაცია, რომლის მიზანიც კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევა იყო. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა „ნაცმოძრაობამ“ და განახორციელეს მათმა წარმომადგენლებმა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, აღკვეთილი იყოს მსგავსი შესაძლო პროვოკაციები, რაც „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს წარმოადგენს“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველ გუნდს წერილობით უპასუხეს.

„ანზორ ბოლქვაძე ცდილობდა ღორჯომში პარასკევის ლოცვაზე ასვლას და ხალხმა არ მიიღო; ასევე არ მიიღეს შუახევში – კობალთაში, ხულოში – სოფელ წაბლანაში, დიდაჭარაში, წაბლიანში და სხვა სოფლებში. გამოდის, რომ ათეულობით სოფელი არიან „ნაციონალები“ და თუ ასე ფიქრობს „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატები, იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „ნაციონალია“ და არჩევნები წაგებული აქვთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ნაციონალურმა“ მოძრაობამ გაავრცელა.