„ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ
„ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ასევე, ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა.

ცნობილია, რომ დღევანდელ ყრილობას პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნიდან მხოლოდ 400-მდე დელეგატი დაესწრება.