„ქართული ოცნება“ - საზოგადოებამ მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან
„ქართული ოცნება“ - საზოგადოებამ მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან

​გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.