„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს
„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს

მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალ რეჟიმზე გადადის და დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.

„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამას წარუდგენენ და მათგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ.

როგორც საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ექნება.

„ჩვენ ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დავდებთ ბეჭებზე და ეს იგრძნობა ყოველდღიურად ჩვენ ამომრჩეველში, რაც არის სასიხარულო. ყოველდღიური შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება ყოველდღე მიდის დაგეგმარება, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, 100-პროცენტიანი მოცემულობა, როგორ მივიყვანოთ არჩევნებზე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, შაბათი დღე იქნება თუ კვირა, ყოველდღიურად დავდივართ მოსახლეობაში და გვაქვს ძალიან ახლო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

არჩევნების მეორე ტურისთვის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე შტაბის წევრებს გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვდა. „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ სტრატეგიაზე საუბრობდნენ, რაც მმართველ პარტიასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას გულისხმობს.