„ქართული ოცნება-კონსერვატორები“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მუშაობას იწყებს
„ქართული ოცნება-კონსერვატორები“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მუშაობას იწყებს.

ფრაქციის წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების როლი შშმ პირების საკითხებში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს განსაკუთრებით ეხება პარტიებს, რომლებიც პარლამეტში და თვითთმმართველობებში არიან წარმოდგენილი.

„ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრის განმარტებით, პარტიები აქტიურად უნდა ახდენდნენ ამ საკითხის ადვოკატირებას ცენტრალურ დონეზე. ნინო გოგუაძის თქმით, ამ მიზნით „ქართული ოცნება-კონსერვატორები” იწყებს თანამშრომლობის ახალ ფორმატს ჩრდილოეთ ირლანდიის კონსერვატიულ პარტიასთან, რათა შემუშავდეს ახალი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც ვესტმინსტერის ფონდის მიერ იქნება მხარდაჭერილი.

„პროექტის მთავარი მიზანია, რომ პარტიას ჰქონდეს თავისი დაწერილი დოკუმენტი, რომელიც იქნება სიახლე, როგორც საპარლამენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. დოკუმენტი უნდა იყოს ძალიან რეალისტური და ქმედითი, სადაც იქნება კონკრეტული ხედვა მის განხორციელებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ, როდესაც ახალი საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ის იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ასევე, აუცილებლად უნდა იყოს კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს პირობა შესრულდეს.

ჩვენთვის მთავარია, ერთი მხრივ, იყოს კარგი, გამართული საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით და ასევე, იყოს ძალიან ეფექტური აღსრულების და ზედამხედველობის მექანიზმები, რომ კანონის მოთხოვნები ზედმიწევნით განხორციელდეს. ჩვენი შეხვედრა ეძღვნება გამოცდილების გაზიარებას, რომელიც არსებობს გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, როგორია პარტიების როლი ამ საკითხის ადვოკატირების პროცესში. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან რეალისტური დოკუმენტი, რომელიც არ იქნება დაწერილი მხოლოდ პარტიის წევრების მიერ. ამ პროცესში ჩაერთვებიან როგორც აღმასრულებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი, რადგან ყველა უწყება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და აქვს დიდი გამოცდილება, აქტიურად მიიღებს მის შემუშავებაში მონაწილეობას“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.