„ქართული ოცნება“ - ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად
„ქართული ოცნება“ - ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად

ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პარტია გუშინ ოზურგეთში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას.

მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს – ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია.

აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი წარედგინა.