„ქართული ოცნება“ - 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა სისხლიან დიქტატურას
2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა სისხლიან დიქტატურას, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული იყო გასული სამი წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.
2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.