„ქართული მარშის“ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რასაც ხმაური მოჰყვა [ვიდეო]
„ქართული მარშის“ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, რასაც ხმაური მოჰყვა [ვიდეო]

„ქართული მარშის“ ექვსივე დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

პატიმრობა შეეფარდათ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს. ყველა მათგანს ჯგუფურად ხულიგნობა ედება ბრალად. ამასთან, ორს  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძალადობა ბრალდება, ხოლო ერთს – სხვისი ნივთის დაზიანება.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.