„ქართული მარშის“ წევრებმა „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისთან აქცია გამართეს

„ქართული მარშის“ წევრებმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და ჯორჯ სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვა მოითხოვეს.

„ქართული მარშის“ ლიდერები ფონდის საქმიანობას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.

„ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ სარეფერენდუმო კითხვის დასარეგისტრირებლად. მათი თქმით, სარეფერენდუმო კითხვა პირადობის მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის დამატებასა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვას შეეხება.

„ეს იყო ერთგვარი ულტიმატუმი სოროსის ფონდის მიმართ. ვითხოვთ, დატოვონ საქართველოს ტერიტორია ისევე, როგორც უნგრეთში, ავსტრიაში. როგორც აკრძალულია სხვა ევროპულ ქვეყნებში, ასევე უნდა აიკრძალოს საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობა და საერთოდ, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობა, რომლებიც ერევიან ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვიწყებთ ორშაბათიდან. გვექნება ბრიფინგი. ნახევარი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას ვიწყებთ ორი საკითხის ირგვლივ. პირველი იქნება ეროვნების გრაფის აღდგენა პირადობის მოწმობებში და მეორე იქნება უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობის აკრძალვა საქართველოში. ეს არის ჩვენი მოთხოვნები. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. აქციები იქნება უფრო ხალხმრავალი და პერმანენტული“, – განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

აქციის მონაწილეებმა ფონდის ოფისთან ჯორჯ სოროსის ფიტული დაწვეს.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ აქცია-მსვლელობა უკვე დასრულდა.