„ქართული მარშის“ წევრების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა
„ქართული მარშის“ წევრების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა

„ქართული მარშის“ წევრების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კარატაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელი დარჩა.

მოსამართლის განცხადებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს შექმნიდა. მისი თქმით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი.

„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი თავდებში უდგებოდა.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, „ქართული მარშის“ წევრებ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შიმშილობდნენ.

„ქართული მარშის“ შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.

პატიმრობა შეეფარდათ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს. მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გარდა ამისა, გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე ლუკა ნაცვლიშვილს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული  ოლეგ დანგაძეს, ხოლო დევი ჩილიაშვილი, ფსიქოლოგიური პრობლემის გამო, პირადი თავდებობით განთავისუფლდა.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.