„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
დაცვის მხარე შვიდივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა პირველ არხს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ასევე განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.
მისი თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, თუმცა მათგან ერთს გამოძიება დამატებით ცემას, ერთს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
სიმონიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
„ჩვენ მოვითხოვთ აუცილებლად შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება იქედან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარე რაზეც აპელირებდა, რომ არსებობდა კონკრეტული საფრთხეები, ეს საფრთხეები დღევანდელი მოცემულობით აღარ არსებობს. იქედან გამომდინარე, რომ საქმეზე დაკითხულია 77 პიროვნება, ფიზიკურად ვეღარ მოხდება ვერც ერთ მოწმეზე ზემოქმედება და, რა თქმა უნდა, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ფაქტობრივად, ნულის ტოლფასია. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე გირაოს ითხოვს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა.
„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.