„ქართული მარში“ მოითხოვს, სახალხო დამცველმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი შეისწავლოს

ხმაური იყო სახალხო დამცველის ოფისში, სადაც „ქართული მარშის“ წევრები მივიდნენ. ისინი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას. შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა.

საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია თავად ბრეგაძეს დაატოვებინა. „ქართული მარში“ მოითხოვს, სახალხო დამცველმა შეისწავლოს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. ბრეგაძის თქმით, გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა და მათ ფილმის შინაარსი დაუმალეს.

„დაახლოებით ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძე ომბუდსმენის ოფისში ზემოთ ხსენებული ბავშვების მშობლებთან ერთად იყო მისული.

გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის წინ ბრეგაძემ დესტრუქციული განცხადებები გააკეთა.

„ეს არ ისახავდა მიზნად, რომ კონსტრუქციული შეხვედრა გამართულიყო, ამის შესახებ მე ვაცნობე სანდრო ბრეგაძეს და ბუნებრივია, ამ პირობებში და ვითარებაში შეხვედრის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.