რევაზ ინჯგიას „ოლიმპიაკოსმა“ კვიპროსის ჩემპიონატში „იპსონასი“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.
უზბეკეთის ჩემპიონატში გიორგი პაპავამ „ოლმალიკს“ უკაპიტნა „ბუნიოდქორთან“ მატჩში, სადაც ძირითად შემადგენლობაში ნიკოლოზ მალიმ და იმედა აშორტიამ ითამაშეს. მასპინძლებმა 5:1 გაიმარჯვეს. „ოლმალიკმა“ კონკურენტ „ბუდიონქორს“ გადაასწრო და ქულებით მესამეადგილოსან ტაშკენტის „ფახტაკორს“ დაეწია.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილის „ზირა“ „შამახთან“ 83-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ 2:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე დაწინაურდა. გამარჯვებულებში მხოლოდ ვოლკოვმა ითამაშა, პაპუნაშვილი განაცხადში არ იყო.
სომხეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა საბა სიდამონიძემ, რომელიც „ვანს“ „შირაქთან“ რთული შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. 23 წლის ქართველმა მცველმა 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ „ვანმა“ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხა – 3:2.