ქართული ლეგიონი | ლომინაძემ „ეშტორილში“ ითამაშა, ქვილითაიას „არისმა“ მოიგო, მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ ლიდრეობა შეინარჩუნა #1TVSPORT
ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა“ პორტუგალიის ჩემპიონატში გასვლაზე „ეშტრელას“ 5:0 სძლია. ნოდარ ლომინაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის სუპერლიგაში ლიდერს, „ომონიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. გიორგი ქვილითაიამ შეცვლაზე ითამაშა ლიმასოლის „არისში“, რომელმაც გასვლაზე 3:0 ახნას „ეთნიკოსს“ სძლია.
ზურაბ მუსელიანის „პარალიმნი“ კი გასვლაზე „არადიპუს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სტუმარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
სეზონი განახლდა რუმინეთში და სუპერლიგის 22-ე ტური წარმატებული გამოდგა ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეასთვის“, რომელმაც გასვლაზე „პეტროლულს“ შანსი არ დაუტოვა – 4:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კრაიოვის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 29-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 65-ე წუთზე შეცვალეს. კრაიოველები 22 ტურის შემდეგ 43 ქულით ლიდერობენ და ბუქარესტის „რაპიდს“ ქულით ასწრებენ.