ქართული ლეგიონი | დვალი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა – აბურჯანია ტრავმირებულია #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში ლაშა დვალმა აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „პარალიმნისთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საიმედოდ ითამაშა.
დანიის თასის მეოთხედფინალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ „კოლდინგი“ 1:0 დაამარცხა. თუმცა, ეს კლუბმა ქართველის გარეშე მოახერხა – 23 წლის მცველი სამატჩო განაცხადში არ იყო.
უკრაინის პრემიერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლისიემ“ ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშიათ.
გიორგი აბურჯანიას ავს-მა პორტუგალიის ჩემპიონატში ერთ-ერთ ლიდერ ლისაბონის „ბენფიკას“ ქულები დააკარგვინა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.