ქართული გუნდი Old Eagles 3x3-ზე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება [ვიდეო] #1TVSPORT
Red Bull Half Court-ის შესარჩევის გამარჯვებული გუნდი საქართველოში Old Eagles გახდა. სექტემბერში, 3×3-ზე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ზუკა მაჩალაძე და გიორგი ვახანია იასპარეზებენ.
Red Bull Half Court საქართველოში პირველად ჩატარდა. 3×3 კალათბურთის შეჯიბრება ურბანულ გარემოში, გლდანის მეშვიდე მიკრო რაიონში მდებარე ბროწეულების პარკში, ჯერ დიჯეის, შემდეგ კი ჰიპ-ჰოპერის Cozy K-ის თანხლებით წარიმართა. 16 ივლისს საქართველოს შესარჩევში 32 გუნდი მონაწილეობდა, 17 ივლისს კი მხოლოდ 12 საუკეთესო გუნდს მიეცა შანსი ეთამაშა Red Bull Half Court-ის საქართველოს შესარჩევის ფინალი. Old Eagles-მა დაძაბულ ბრძოლაში, 13:6 დაამარცხა Urban Basket.
Red Bull Half Court-ის მსოფლიო ფინალი სექტემბრის ბოლოს კაიროში გაიმართება და მასში მონაწილეობას 30 ქვეყნის საუკეთესო გუნდები მიიღებენ. Red Bull Half Court ქუჩის კალათბურთის ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო ჩემპიონატია. უსწრაფესი, შეტევითი 3×3 კალათბურთის მატჩი 10 წუთი ან 21 ქულამდე გრძელდება. ჩემპიონატი FIBA-ს წესების მიხედვით ტარდება, შეჯიბრების საინტერესო დეტალი „მოედნის ფლობის/დაპყრობის ბონუსია“, რომელიც ჯგუფიდან მხოლოდ ერთ გუნდს, მიღებული ქულების რაოდენობის მიხედვით ემატება.
2022 წლის შესარჩევში 30 ქვეყანა მონაწილეობს. მათი საუკეთესო გუნდები ერთმანეთს 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე კაიროში, ეგვიპტეში დაუპირისპირდებიან. საქართველოს შესარჩევში გამარჯვებული გუნდის, Old Eagle-ს, გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ფარავს რედ ბული. Red Bull Half Court-ის საქართველოს შესარჩევი გლდანის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.