ქართული გუნდები ევროპალიგის პირველ შეხვედრებს სახლში გამართავენ
ევროგათამაშებას ორი ქართული გუნდი აგრძელებს. ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო და „ვიკინგურს“ (ფარერები) დაუპირისპირდება.
ქუთაისელთა მეტოქეც თავისი ქვეყნის ჩემპიონია და ლიგის გათამაშებიდან ფინეთის „ჰიკმა“ გამოაგდო: ფარერელებმა ორივე შეხვედრა წააგეს – სახლში 1:2, ხოლო გასვლაზე 1:3 და ევროპის ლიგაზე გადაერთვნენ.
„ტორპედო“ „ვიკუნგურს“ 26 ივლისს ქუთაისში, რამაზ შენგელაის სახელობის სტადიონზე მიიღებს, ხოლო 2 აგვისტოს კუნძულ ესტუროიზე მდებარე სოფელ ნორორაგოტაში ესტუმრება, სადაც მხოლოდ 567 მოსახლეა, სტადიონი კი 3000 მაყურებელს იტევს.
ერთად-ერთი ქართული გუნდი, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია, საჩხერეს „ჩიხურა“, პირველ შეხვედრას „მარიბორთან“ ასევე შინ გამართავს. სლოვენიურმა გუნდმა „ევროპა ლიგის“ პირველ ეტაპზე ალბანური „პარტიზანი“ დაამარცხა: პირველი მატჩი სლოვენიის ნაკრების თავდამსხმელის, გრეგორ ბაიდეს გოლით 1:0 მოიგო, ხოლო 19 ივლისს მეტოქეს 2:0 სძლია, თავი სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველმა, არმინ დერვიშევიჩმა და ბრაზილიელმა მარკოს ტავარესმა გამოიჩინეს.
„ჩიხურასა“ და „მარიბორის“ დაპირისპირება 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო 2 აგვისტოს – მარიბორში.