პაუ კუბარსიმ „ოქროს ბიჭუნას“ ჯილდო მოიგო #1TVSPORT

20:01, 09.11.2026

„ბარსელონას“ 19 წლის მცველმა, პაუ კუბარსიმ 2026 წლის „ოქროს ბიჭუნას“ პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, რომელიც ევროპის ჩემპიონატებში მოასპარეზე 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი 9 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა. ესპანელმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში დანარჩენ 24 კანდიდატს აჯობა და კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური აღიარება მიიღო.

კუბარსისთვის 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა მცველი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან მუნდიალის რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის ნაკრებმა კი მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. გარდა ამისა, კუბარსი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

საკლუბო დონეზე კუბარსიმ „ბარსელონასთან“ ერთად 2025/26 წლების სეზონში ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. ახალგაზრდა მცველი ჰანსი ფლიკის გუნდის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ კუბარსი „ოქროს ბიჭუნას“ ისტორიაში მხოლოდ მეორე მცველია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. მანამდე ეს 2018 წელს მატაის დე ლიხტმა მოახერხა. ესპანელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მეხუთე აღზრდილია, რომელიც პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. წინა წლებში „ოქროს ბიჭუნას“ პრიზი ლიონელ მესიმ, პედრიმ, გავიმ და ლამინ იამალმა მოიგეს.

2025 წელს ჯილდოს მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი შემტევი დეზირე დუე გახდა.

მსგავსი