ქართული ღვინო ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი
ქართული ღვინო ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW WINE” (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები არიან წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  გასული წლების მსგავსად, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც  პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენისა და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი.