ქართული ღვინო ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი
ქართული ღვინო ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში 21-23 მარტს ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელის 1955 წლიდან იმართება და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან.

ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.