ქართული ღვინის ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა
ქართული ღვინის ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში, 2018 წლის იანვარ-აპრილში, 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: იაპონია – 139 პროცენტი (73122), ჩეხეთი – 90 პროცენტი (21288), დიდი ბრიტანეთი – 89 პროცენტი (40740), ყაზახეთი – 84 პროცენტი (1108938), ნიდერლანდები – 83 პროცენტი (29793), სამხრეთ კორეა 76 პროცენტი (31380), ბელარუსი – 75 პროცენტი (321258), გერმანია – 66 პროცენტი (241540), ლიტვა – 51 პროცენტი (172020), რუსეთი – 47 პროცენტი (16246021), ლატვია – 32 პროცენტი (526380), უკრაინა – 27 პროცენტი (2389280), პოლონეთი – 24 პროცენტი (1012774), ესტონეთი – 19 პროცენტი (1858926), აშშ – 4 პროცენტი (105568) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (16246021), უკრაინა (2389280), ჩინეთი (1802792), ყაზახეთი (1108938) და პოლონეთი (1012774).

საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17 პროცენტით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა.

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.