ქართული ღვინის ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა
ქართული ღვინის ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი – 23% (1372839) და აშშ – 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 21% (134376), ესტონეთი – 18% (142112), საფრანგეთი – 41% (34170), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი – 15% (13279083), ბელარუსი – 36% (317280), მონღოლეთი – 7% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13279083), უკრაინა (1419222), ჩინეთი (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“ – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ – 1209406, „წინანდალი“ – 890458, „ახაშენი“ – 422220, „ხვანჭკარა“ – 226072 და ასე შემდეგ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).

მთლიანობაში პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლებმა 67,7 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ს აღწევს.