ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული ხატვის კონკურსის 20 გამარჯვებული გამოვლინდა
ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული ხატვის კონკურსის 20 გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული ხატვის ღია კონკურსის  – „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“ ფარგლებში, ჟიურიმ 20 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა.

ხატვის ღია კონკურსი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, „ფინანსური განათლების წლისა“ და „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით გამოცხადდა. კონკურსი ქვეყნის მასშტაბით II-VII კლასელთათვის ჩატარდა.

ნამუშევრების პირველადი გადარჩევა სკოლებში მოხდა, საბოლოოდ კი, ეროვნულ ბანკში 300-ზე მეტი ნამუშევარი იქნა წარდგენილი. მათი ნაწილი არსებული ბანკნოტებისა და მონეტების საინტერესო ხედვაა, ნაწილი კი – სრულად ახალ ნომინალებსა და დიზაინს წარმოადგენს.

გარდა 20 გამარჯვებული ავტორისა, ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქობულეთელი მოსწავლის მიერ შესრულებულმა 50-თეთრიანი ნომინალის მონეტამ.

„მოხარული ვარ, რომ კონკურსით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი” მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი სკოლა და მოსწავლე დაინტერესდა. ბევრი საინტერესო ნამუშევარი მივიღეთ, რომლებიც  ქართული ფულის თავისებურებებს, საქართველოს ისტორიას, კულტურასა და თანამედროვეობას ასახავს, ამასთან, ფინანსური თემების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას წარმოაჩენს. სწორედ ეს გახლდათ პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანი – წაგვეხალისებინა ახალგაზრდები, დაფიქრებულიყვნენ ფულისა და ფინანსური საკითხების მნიშვნელობის შესახებ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტს,  ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი  ქართული ფულის ისტორიაზე ლექციას მოისმენენ, ასევე, ეროვნული ბანკის ექსპერტებთან ერთად ფინანსური განათლების საკითხებზე ისაუბრებენ. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცემათ.