ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ „პალმ სპრინგის“ საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ „პალმ სპრინგის“ საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ „პალმ სპრინგის“ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროდიუსერო ჯგუფი ავრცელებს. ფესტივალი ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია. ფესტივალის განმავლობაში ტარდება კინობაზრობაც.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი” რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და სხვა.

ფილმი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.