ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდასხმელი და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანი ვლადიმერ გუცაევი 70 წლის გახდა.

გუცაევი დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტში. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ქართული ფეხბურთის ლეგენდა საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ ქართველ მოთამაშედ.

ვლადიმერ გუცაევი თბილისის „დინამოში“ 1971 წლიდან თამაშობდა. 1973 წელს თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ტურნირის „კარაველას თასის“ (Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალში ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევმა დუბლი შეასრულა.

გუცაევი, გუნდთან ერთად, სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1978 წელს ჩემპიონი გახდა. ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1976 და 1979 წლებში.

გუცაევმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში 47 ბურთი გაიტანა, ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე 34 შეხვედრაში კი – 8 გოლი.

1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი თავის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა. 63-ე წუთზე ანგარიში გერმანელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გუცაევმა გაათანაბრა და ამით „დინამოს“ ისტორიულ გამარჯვებას დაუდო სათავე.

ვლადიმერ გუცაევმა 1972-1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა და 1986 წელს კარიერა დაასრულა.

2011 წლის 17 მაისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. იგი არის ღირსების ორდენის კავალერი.