ქართული ევროშემოსავლები ნახევარი მილიონით გაიზარდა

17:26, 04.08.2019

ქართულმა გუნდებმა ახალ ევროსეზონზე უფრო მეტი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე შარშანდელი გამოსვლებიდან.

ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე „საბურთალომ“ ორ ეტაპზე ითამაშა. პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის გუნდი 280 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე – 380 ათასს და ახლა ევროპალიგის მესამე კვალიფიკაციაზე გადაერთო, სადაც დამატებით 280 ათასი დაერიცხება. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრილ ჩემპიონს „უეფა“ (UEFA) ევროპალიგის ყოველ ეტაპზე 260 ათას ევროს გადაუხდის. ანუ „საბურთალომ“ 1,2 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა.

ევროპის ლიგის კვალიფიკაციაზე თბილისის „დინამომ“ 780 ათასი ევრო დააგროვა – პირველ ეტაპზე „ენგორდანთან“ მოგებისთვის (6:0, 1:0) 240 ათასი ევრო დაერიცხება, აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ წარმატებისთვის (2:0, 3:0) – 260 ათასი, ხოლო მესამე ეტაპზე გასვლისთვის – 280 ათასი. ანუ წლეულს „დინამომ“ ბიუჯეტი 780 ათასი ევროთი შეივსო.

საჩხერეს „ჩიხურამ“ ევროპის ლიგის ორ ეტაპზე ითამაშა და 0.5 მილიონი ევრო დაერიცხება, ხოლო პირველი ეტაპიდან გამოვარდნილ ქუთაისის „ტორპედოს“ – 240 ათასი.

ანუ წლეულს ქართული კლუბების ჯამური ევროშემოსავლები 2,72 მლნ ევროა (8,71 მილიონი ლარი), რაც შარშანდელს ნახევარი მილიონით აჭარბებს – 2018 წელს გუნდების ჯამური შემოსავალი 2,22 მილიონი ევრო იყო.

მსგავსი