ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა

პირველადი შედეგებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სამი საგნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

ქართულის გარდა, ასევე გამოქვეყნდა გეოგრაფიისა და მათემატიკის შედეგები.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო მათემატიკის ჩაბარება გაუმარტივდათ და დაახლოებით 80%-მა მინიმალური ზღვარის გადალახვა შეძლო, თითქმის 90%-მა გადალახა გეოგრაფია.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც შეიძლება აპელაციის პროცესის შემდეგ შეიცვალოს.

„დღეს გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები, ასევე გეოგრაფიასა და მათემატიკა. ქართულში წინა წლის შედეგების მსგავსი შედეგია, მეტნაკლებად გეოგრაფიაშიც, რაც შეეხებათ მათემატიკაში, წელს ჩვენს აბიტურიენტებს უფრო გაუიოლდათ მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. საერთო ჯამში წერდა 35 000-ზე ცოტა მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, აქედან დაახლოებით 6%-მა, ოდნავ მეტმა ვერ დაძლია ზღვარი. უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან წინ გველოდება სააპელაციო პროცესი, ქულათა გათანაბრების პროცესი, რადგან რამდენიმე ვარიანტი იყო ამ საგნებში, ამიტომ ეს შედეგი ალბათ ცოტა შეიცვლება, აპელაციის შემდეგ სტატისტიკური ანალიზიც გაკეთდება. შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიაში დაახლოებით 90%-მა, მათემატიკაში გადალახა თითქმის 80%-მა პროცენტმა, რაც წინა წლებთან შედარებით ანალოგიური არის, მათემატიკაში პირიქით მეტმა გადალახა”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ.

მისივე განცხადებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი, 80 ქულა ერთმა აბიტურიეტმა აიღო, მათემატიკაში ყველაზე მაღალი, 59 ქულა 22 აბიტურიენტმა მიიღო, რაც შეეხება გეოგრაფიას, 59 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. უკვე ორშაბათიდან კი დაიწყება არჩევითი საგნების შედეგების გამოცხადება. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია ზოგადი უნარებისა და უცხო ენის შედეგებიც.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პირველადი მონაცემები აპელაციის პროცესის შემდეგ დაზუსტდება, შედეგების გასაჩივრება კი აბიტურიენტებს პასუხების გასაჩივრება ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ შეეძლებათ.

საბოლოოდ რამდენი აბიტურიენტი გახდება სტუდენტი აგვისტოს ბოლოს გაირკვევა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება აპელაციის შედეგებიც.