ქართული დუელი NBA-ში - მამუკელაშვილისა და ბითაძის ერთობლივი 18 ქულა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დაპირისპირება შედგა. სანდრო მამუკელაშვილისმილუოკიმ“ გოგა ბითაძის „ინდიანას“ უმასპინძლა. ეს გახლდათ ქართველთა მეშვიდე შეხვედრა NBA-ის პარკეტზე. პირველად ერთმანეთს შორეულ 2003 წელს ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ სტეფანია დაუპირისპირდნენ. მაშინ ნიკას „დენვერმა“ „მაიამი“ 96:86 დაამარცხა.

ამჯერად გაცილებით შედეგიანი მატჩი ვიხილეთ – „მილუოკიმ“ „ინდიანას“ 128:119 სძლია.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და ბევრიც იშრომა: 25 წუთი, 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. გოგამ 6 ორქულიანი და 8 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც მიზანში – 4-4 მოარტყა.

ინდიანა პეისერსში“ 36 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა ბადი ჰილდმა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მას მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა 10 წუთი არგუნა. ქართველ ფორვარდს ეს დრო უქმად არ გაუცდენია – 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 6 ქულით დაასრულა. „დესერტად“ სანდრომ 2 მოხსნა მიაყოლა.

​მილუოკელთა ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ სეზონის რეკორდი დაამყარა – 50 ქულა ჩააგდო. ორით მეტი ქულა რომ მოეგროვებინა, კარიერის საუკეთესო შედეგს გაიმეორებდა. 52 ქულა მას 2019 წელს „ფილადელფიასთან“ მატჩში ჰქონდა.

პეისერსი“ მომდევნო მატჩს 17 თებერვალს შინ „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს. „მილუოკი ბაქსი“ 18-ში „ფილადელფიას“ მიიღებს.