„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართება
„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართება

დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაერო-ს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდება ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიმდინარე თუ ახალი პროექტების პრეზენტაცია, განიხილება ამ პროექტებში დიასპორასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ.

დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება, 15:00-22:00 საათზე ღონისძიებას სრულად ადევნოს თვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ს მიგრაციის სააგენტო – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შემდეგ ფეისბუქგვერდებზე: „Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები” (facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia) და „IOM Georgia“ (facebook.com/IOMGeorgia).