ქართული დელეგაციის წევრები ჟენევის გაერო-ს ოფისში ადამიანის უფლებათა საბჭოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ 
ქართული დელეგაციის წევრები ჟენევის გაერო-ს ოფისში ადამიანის უფლებათა საბჭოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა შეხვედრა ჟენევის გაერო-ს ოფისში ადამიანის უფლებათა საბჭოში აკრედიტებულ დიპლომატებთან გამართეს და მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

უკანონო დაკავებები, ჩაკეტილი გადასასვლელები და საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები – ამ თემებზე დისკუსია საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ელჩებს მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდის შედეგებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. ცალკე საკითხად იყო განხილული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებისა და პატიმრობის თემა.

„გავაცანით ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა შესახებ, იმ უკანონო ბოდრედიზაციის, გადასასვლელების დაკეტვის, დაკავებების თაობაზე. გავაცანით ყველა ქეისი, მათ შორის ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხიც. საკმაოდ საინტერესო დისკუსია გვქონდა. ისედაც საკმაოდ ინფორმირებულნი იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო საზოგადოებისგან. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს საერთაშორისო საზოგადოების მაღალ დღის წესრიგში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

დატოვე კომენტარი