ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის

ქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძეა.

ინიციატივის მიხედვით, ჰოსპისის გახსნისთვის საჭირო თანხმობა იქნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური გასცემს.

კანონპროექტში პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის დეფინიცია განმარტებულია და აღნიშნულია, რომ პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობა არის – მომსახურება მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური, სულიერი პრობლემების ადრე გამოვლენის, სწორი შეფასების, პრევენციის, მკურნალობის, სულიერი თანადგომისა და ტანჯვის შემსუბუქების გზით იმ პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, რომელთაც ქრონიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

პროექტით კონკრეტდება, რომ ჰოსპისი სპეციალიზებული დაწესებულებაა, სადაც ჰოსპისური მკურნალობა ხორციელდება, თავად ჰოსპისური მზრუნველობა კი, პალიატიური მზრუნველობის ნაწილია, რომელიც მიეწოდება როგორც ჰოსპისში, ასევე ბინაზე, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ან დეპარტამენტებში.

ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ პროექტი მიზნად ზოგიერთი ნორმის პრაქტიკაში უკვე არსებულ სამედიცინო სერვისთან მოყვანას ემსახურება.