ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა მისიამ ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინა
ქართულ-პოლონურმა არქეოლოგიურმა მისიამ ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინა

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, – აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში – ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ.

„არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.

პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა. მან პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.